სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
2018-2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
აღნიშნული პროგრამა 2016 წელიდან ხორციელდება და უკვე 30-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სიანს პო, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი, ბორდოს უნივერსიტეტი და სხვა) სასწავლებლად.
ელ. განაცხადები მიიღება 2018 წლის 22 იანვრიდან - 22 თებერვლის ჩათვლით (19:00 საათამდე).
საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე -
www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში“ ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
- აგრარული მეცნიერებანი;
- განათლება;
- ინჟინერია;
- მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
- სამართალი;
- არქიტექტურა;
- საჯარო მმართველობა;
- მენეჯმენტი.