9 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სასტიპენდიო კონკურსები გამოაცხადა. მათ, ვინც დაინტერესებულია მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამებით, სატელეფონო და ელექტრონული (Facebook/Email) კონსულტაციის გარდა, ცენტრი სთავაზობს ონლაინ-კონსულტაციის შესაძლებლობას.
კონკურსების ვადების ამოწურვამდე, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 13:00-13:45 საათზე, ZOOM პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ აპლიკანტს შეუძლია საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება: ჩართვის დროს, ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესებულ საზოგადოებას გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.
ამჟამად განაცხადები მიიღება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
- საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა;
- საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა;
- საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა;
- აკადემიური პროგრამა იტალიაში;
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ყოველწლიურად, სასტიპენდიო პროგრამებით, განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.
ხუთივე პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ცენტრის ვებგვერდზე - www.iec.gov.ge - ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით.
საკონსულტაციო შეხვედრის ბმული ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდება.