სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულებთან

1761
  • 26 აპრილი 2017
საინფორმაციო შეხვედრა სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულებთან

26 აპრილს 12:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ( ი.ჭავჭავაძის გამზ.7, მე-2 სართული) სასტიპენდიო პროგრამის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - კონკურსის გამარჯვებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟან-ივ ლავუარი და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე შეხვდნენ და პროგრამის მსვლელობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2016-17 სასწავლო წლის მანძილზე საქართველოს 16 მოქალაქე უკვე დაფინანსდა და სწავლობს საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ ფარგლებში კონკურსი 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის ჩათვლით გამოცხადდა. ელ განაცხადების მიღება წარმოებდა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. პროგრამის ფარგლებში განაცხადი 62 კონკურსანტმა გააკეთა.

გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 13 კონკურსანტი. მომდევნო 10 კონკურსანტს კი რეზერვისტის სტატუსი მიენიჭა.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ერთი სასწავლო წლისათვის. დაფინანება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

• სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;
• ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);
• სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;
• სავიზო მოსაკრებელი;
• დოსიეს შექმნის ხარჯები.

შეხვედრაზე შემდეგი სამუშაო თემები განიხილეს: ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სააპლიკაციო პროცესი და შეფასების სისტემა; ცენტრისა და დაფინანსებული სტუდენტის ურთიერთვალდებულებები; პროგრამული მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი; სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში კონკურსის წესით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საქართველოს 341 მოქალაქე დააფინანსა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.

 


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345