დასრულდა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადებული კონკურსი. დაფინანსების მოპოვების მსურველებს აპლიკაციის შევსება და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის განმავლობაში შეეძლოთ.
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.
2022-2023 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1500-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 135 სტიპენდიატი. აქედან, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებზე დაფინანსდა:
- საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2022-2023 – 31 აპლიკანტი;
- საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2022-2023 – 1 აპლიკანტი;
- საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2022-2023 – 1 აპლიკანტი;
- საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2022-11 აპლიკანტი;
ამავდროულად, 2022-2023 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
- სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში – 2022-2023 - 10 აპლიკანტი;
- აკადემიური პროგრამები იტალიაში – 2022-2023 - 5 აპლიკანტი;
- უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამა/Stipendium Hungaricum - 70 აპლიკანტი;
- ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2022 – 6 აპლიკანტი.
ჩამოთვლილი სასტიპენდიო სქემების გარდა, ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიმდინარე წელს განახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამას; ასევე, პროგრამას უნგრელი და ჩეხი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო კონკურსს. სტიპენდიატთა სრული სია, პროგრამების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უკვე 1200-ზე მეტი სტიპენდია გასცა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.
ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!