მიმდინარე წლის 18 - 19 ივნისს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განათლების საერთაშორისო ცენტრში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებას, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და შესაბამისად, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ქვეყნის უკეთ ინტეგრირებას.
სემინარი უნგრეთიდან მოწვეულმა ტრენერებმა, გაბორ დობოშმა - უნგრეთის TEMPUS-ის საზოგადოებრივი ფონდის პროგრამის "ისწავლე უნგრეთში" ხელმძღვანელმა და უმაღლესი განათლების ექსპერტებმა- ორსოლია ჯანოსიკმა, პროფესორმა იოზეფ ტემეშმა და მარია დუდასმა ჩაატარეს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში 18 ივნისს ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ ჩხენკელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბრის ძირითადი თემა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის და მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები და ხარისხის კონტროლი იყო. საქართველოში მიმდინარე განათლების ინტერნაციონალიზაციის გაცნობით და უნგრეთის ინტერნაციონალიზაციის მაგალითზე დაყრდნობით, TEMPUS-ის ექსპერტები სამომავლოდ პროცესის მონიტორინგისა და შეფასების ფორმატის დახვეწაში მიიღებენ მონაწილეობას.
19 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრში მოწვეულმა ექსპერტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 50-მდე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შეფასების ის მეთოდოლოგია და ცოდნა გაუზიარეს, რომლსაც წარმატებით იყენებენ უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. დღის ბოლოს, ექსპერტებმა და სემინარის მონაწილეებმა ინტერნაციონალიზაციის შეფასების მოდელები მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს.
ტრენინგები ცენტრის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, რაც აკადემიურ სივრცეში დასაქმებულებს ახალი ცოდნისა (თემატური, საგნობრივი) და ეფექტიანი მართვის/ ადმინისტრირებისთვის საჭირო კომპლექსური უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.