4 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვილიამ ტონგმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ვოლტერ ოშელიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერს ხელი.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კალიფორნიის კამპუსში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.
მხარეები ერთობლივად ითანამშრომლებენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ბაკალავრის შემდგომ საფეხურებზე, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით.
თავის მხრივ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
მემორანდუმი ძალაში იქნება ექვსი წლის განმავლობაში.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2014-2019 წლებში ახორციელებს პროექტებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით - გრანტით. კომპაქტი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2013 წელს გაფორმდა და რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კომპაქტის ფარგლებში ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ (STEM) დარგებში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარება.