17 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტმა პროფესორმა ენდრიუ დიკსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, განავითაროს საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას.
ცენტრი და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი ერთობლივად დაგეგმავენ და შეიმუშავებენ საერთო პროგრამულ სახელმძღვანელო პრინციპებს, საქართველოდან სტუდენტების დაფინანსების მიზნით.
აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ირლანდიის საგანმანათლებლო ურთიერთობებში და საშუალებას მისცემს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს დაეუფლონ სასურველ სპეციალობას, გაიღრმავონ ცოდნა და პროფესიული გამოცდილება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.
თბილისში ასევე იმყოფებიან ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი პროფესორი დევიდ ფიცპატრიკი და კოლეჯის რეგიონული მენეჯერი ეისლინგ ტიერნანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.