სასტიპენდიო პროგრამები - 2019-2020


1. სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?

ცენტრში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://app.iec.gov.ge/

2. ელექტრონული განაცხადის შევსების გარდა, კიდევ რა ფორმით შეიძლება ცენტრს მიმართოს დაინტერესებულმა პირმა?

ცენტრის კონკურსებში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების გზით მხოლოდ შესაბამის ვადებში.

 

3. რა ეტაპებს გადის კონკურსანტი?

კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადაში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და განაცხადის ფორმის შევსება;


განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური და შინაარსობრივი შემოწმება შესაბამისი გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად; კომისიასთან გასაუბრება;


შესაძლოა, კონკრეტული პროგრამა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურას.

4. როდის არის განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა?

თითოეულ პროგრამას აქვს კონკრეტულად იმ პროგრამისთვის განსაზღვრული ვადები, რომელიც მოცემულია პროგრამის აღწერაში.

 

5. შემიძლია, თუ არა განაცხადის რედაქტირება?

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.


რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.


საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

6. ითვალისწინებს თუ არა ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსებას?

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსება შესაძლებელია მხოლოდ უნგრული პროგრამის ფარგლებში.

 

7. როგორია დაფინანსების გაცემის წესი და რა ვადაზე გაიცემა სტიპენდია?

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით, ერთი აკადემიური წლისათვის.

8. ფინანსდება თუ არა სრულად 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა?

გრანტი გაიცემა 1 აკადემიური წლისთვის. ერთ წელზე მეტი წლის ხანგრძლივობის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სტიპენდია მომდევნო აკადემიური წლისთვის გაიცემა შესაბამისი, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით.

 

9. შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს ცენტრში კონსულტაციის მიღება?

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები პროგრამის მიმდინარეობისას ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 დან 16:00 საათამდე იმართება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული.

 

10. შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

დიახ შეუძლია. ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ 1 პროგრამის გრანტის ათვისების უფლება აქვს.

 

11. აპლიკაციის შევსების პროცესში შეიძლება თუ არა ჩაერთოს ცენტრის წარმომადგენელი?

არა, აპლიკაციას კონკურსანტი ავსებს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად.

 

12. ერთვება თუ არა ცენტრის წარმომადგენელი აპლიკანტის მიერ უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევის ან უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურებში?

არა, ყველა აღნიშნულ პროცედურას კონკურსანტი გადის ცენტრისგან დამოუკიდებლად.

 

13. იყენებს თუ არა ცენტრი უნივერსიტეტების სარეიტინგო სიას?

არა. გარდა იმ ცალკეული პროგრამებისა, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული მიმღები უნივერსიტეტი/უნივერსიტეტები.

 


რეკომენდაცია N1

სამსახურის შესახებ ცნობა უნდა იყოს დამსაქმებლის მიერ ოფიციალურად გაცემული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი), თანამდებობა/პოზიცია და მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღები (რიცხვი/თვე/ წელი) რათა ირკვეოდეს საკონკურსო პირობით დადგენილი სამუშაო გამოცდილების მინიმალური ხანგრძლივობა.

სამსახურის შესახებ ცნობას არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულება, შრომის წიგნაკი და ა.შ

 


რეკომენდაცია N2

უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილი უნდა იყოს უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად გაცემული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება სტუდენტის შესახებ ინფორმაცია, აკადემიური საფეხური, აკადემიური პროგრამის სახელწოდება, მიმართულება და პროგრამის ხანგრძლივობა.

(!) თუ ჩარიცხვის წერილში მიმართულება არ არის მითითებული და პროგრამის სახელწოდებიდანაც არ ირკვევა მიმართულება, კონკურსანტმა აუცილებლად უნდა გამოითხოვოს უნივერსიტეტიდან ცნობა თუ რომელ მიმართულებას ეკუთვნის მის მიერ შერჩეული აკადემიური პროგრამა. ცნობა უნდა ატვირთოს განაცხადში ჩარიცხვის წერილთან ერთად.

 


რეკომენდაცია N3

თუ რომელიმე სასტიპენდიო პროგრამაში, სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტული მითითება არ არის, დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე შედგენილი. სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.