სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018

 

 

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“ პროგრამის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იქნებიან ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
სასტიპენდიო პროგრამები -უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018 მიზნები და ამოცანები

 

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის ძირითადი მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. 

პროგრამა დაფუძნებულია უნგრეთისა და გამგზავნი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ სამინისტროებს ან ცალკეულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ორმხრივ საგანმანათლებლო  შეთანხმებებზე. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

2017 წლის 6 თებერვალს  ხელი მოეწერა  2017-2020 წლებისთვის  ახალ საპროექტო შეთანხმებას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის  მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი, და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამა მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე:  STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო,  სპორტისა და ხელოვნების დარგები.  (კონკრეტული სპეციალობების ჩამონათვალი საქართველოსთვის იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://www.tka.hu/international-programmes/2966/stipendium-hungaricum/).

 

 

საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

  • 9 თებერვალი - 5 მარტი, 2017.
    2017 აპლიკაციების ატვირთვა ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე;
  • მარტი - აპრილი 2017.
    შერჩევა 1: ნომინირება;
  • აპრილი - ივნისი 2017.
    შერჩევა 2: ინსტიტუციური მიღების პროცედურა;
  • 2017 წლის ივნისის ბოლოს
    საბოლოო შედეგების შეტყობინება
  • 2017 სექტემბერი - უნგრეთში სწავლის დაწყება

 

 

საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

ზემოაღნიშნულ აკადემიურ პროგრამებზე სწავლით დაინტერესებულ პირებს  განაცხადის  შევსება  შეუძლიათ ელექტრონულად ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის საიტზე:

  • ინგლისურ ენაზე - ამ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასპინძელი ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინგლისური ენის ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი.
  • უნგრულ ენაზე, ამ შემთხვევაში სტუდენტებს მასპინძელი ინსტიტუტი სთავაზობს უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი უნგრული ენის კურსის გავლას.
  • სხვა ენებზე, ამ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასპინძელი ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ: http://www.tka.hu/docs/palyazatok/20170202_call_for_applications_2017_20181702021537.pdf

 

 

სააპლიკაციო პროცედურა:

 

(დასაწყისი)

ყველა აპლიკაცია და შესაბამისი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის საიტზე. დედნების წარმოდგენა არ არის საჭირო. კონკრეტული სპეციალობების, სტიპენდიასთან დაკავშირებულ ვალდებულებების, ინსტიტუტების კოორდინატორების, პროგრამის პროცედურებისა და წესების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.stipendiumhungaricum.hu

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის საიტზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა  და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა: 2017 წლის   5  მარტი 23:59   (ცენტრალური ევროპული დროით) ან 2017 წლის 6 მარტის 02:59 (ადგილობრივი/საქართველოს) დროით.

ტემპუსის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის  გავლის შემდგომ აპლიკანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge და ტემპუსის ვებ-გვერდზე შევსებული აპლიკაცია (განაცხადი + დოკუმენტები) ატვირთოს შესაბამის ველში.

 

 

 

შერჩევის პროცესი და საკონკურსო კომისია:

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამები “Stipendium Hungaricum” 2017-2018 განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
საკონკურსო პროცედურებისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

 

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში  წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო  ცენტრს.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაატარებს  ორეტაპიან კონკურსს   (პირველი ეტაპი - ხარისხობრივი შეფასება და მეორე ეტაპი - გასაუბრება), საბოლოო შესარჩევ პროცედურას კი უნგრული მხარე და მასპინძელი ინსტიტუტები განახორციელებენ.

ყველა საჭირო დოკუმენტის ჩამონათვალი მითითებულია გზამკვლევში შემდეგ ბმულზე: www.stipendiumhungaricum.hu. გზამკვლევის  3.2. პუნქტში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა. ზოგიერთი დოკუმენტი შესაძლებელია მიღებულ იქნას სააპლიკაციო პროცესის ვადის ამოწურვის  შემდგომ (ისეთი დოკუმენტები, რომელთა მიღებაც ობიექტური პირობების გარემოებების მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სააპლიკაციო დროის ვადის ამოწურვამდე):

  • საბოლოო GPA, თუ აპლიკანტი ჯერ კიდევ სწავლობს 2017 წლის თებერვალ-მარტში (დამამთავრებელი წელი);
  • სწავლის დამთავრების შესახებ ცნობა ან დიპლომი, თუ აპლიკანტი სწავლობს 2017 წლის თებერვალ-მარტში (დამამთავრებელი წელი);
  • ენის სერტიფიკატი, თუ აპლიკანტი ელოდება ჩაბარებული ენის საერთაშორისო ტესტის შედეგს.

არასრული აპლიკაციები არ განიხილება! (არასრულ აპლიკაციად არ განიხილება ზემოხსენებული ობიექტური გარემოებების არსებობა, ზოგიერთი დოკუმენტის სააპლიკაციო ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენის თაობაზე).

 

აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. კონკურსის მეორე ეტაპზე. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც ხარისხობრივი შეფასების( პირველ) ეტაპზე მიიღებენ მაღალ შეფასებას. შესარჩევი პროცესისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრებია: აკადემიური მოსწრება, მიზნის დასაბუთება. საერთაშორისო კომისია კონკურსის საფუძველზე გამოავლენს აპლიკანტებს, რომელთა ნომინირებაც მოხდება უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის გრანტზე .

 

გრანტზე ნომინირებული აპლიკანტების სია წარედგინება ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს და მასპინძელ ინსტიტუტებს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ინსტიტუტსა და უმაღლეს სკოლას შესაძლოა ჰქონდეს დაწესებული დამატებითი გამოცდა/ინტერვიუ გრანტზე ნომინირებული აპლიკანტებისთვის.

 

საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.

ცენტრსა და იმ ნომინირებული აპლიკანტებს შორის, რომლებიც მოიპოვებენ გრანტს ამ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები და განისაზღვრება შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები.

 

 

დაფინანსების შესახებ

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები).  ბენეფიციარები ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდისგან მიიღებენ შემდეგი ოდენობის სტიპენდიას:

ბაკალავრიატი,  მაგისტრატურა,  ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა  - ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 40 460 ფორინტს (დაახლოებით 130 ევრო). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და  გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

დოქტორანტურა - უნგრული კანონმდებლობის შესაბამისად,  სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 140 000 ფორინტს (დაახლოებით 450 ევრო) სწავლების პირველი ეტაპისთვის (4 სემესტრი) და 180 000 ფორინტს (დაახლოებით 580 ევრო) მეორე ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი).საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და  გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

 

საცხოვრებელი:
სტიპენდიანტები  უზრუნველყოფილნი იქნებიან  საერთო საცხოვრებლით  ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი 40 000 ფორინტი (დაახლოებით 129 ევრო)  სწავლის სრული ხანგრძლივობის პერიოდისთვის.

 

სამედიცინო დაზღვევა:

სტიპენდიანტებს სამედიცინო  მომსახურება  გაეწევათ უნგრული კანონმდებლობისა (აქტი # 80, 1997, ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი) და დამატებითი სამედიცინო დაზღვევის შესაბამისად  65 000 ფორინტი (დაახლოებით 205 ევრო).

 

 

საინფორმაციო შეხვედრები: 

 

(დასაწყისი)

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში  9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-16:00 საათამდე პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

მის: თბილისი, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა (ინგოროყვას 7, ოთახი N4, მესამე სართული).

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი შემდეგ ელ - ფოსტაზე: IECMEETINGS@IEC.GOV.GE

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი საინფორმაციო ხაზი: 240 02 02
მის.: თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. #7
ელ.ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
www.iec.gov.ge

 

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“ პროგრამის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც  დარეგისტრირებულნი იქნებიან ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.