სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის - 2018

10 მაის 2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე წლის 10 მაისს დაიწყება განაცხადების მიღება უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაზე. სასტიპენდიო პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნგრეთის 10 მოქალაქის დაფინანსებას საქართველოში, სწავლება-სწავლის სრული ან არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო, მათ შორის ინგლისურენოვან პროგრამებზე/კურსებზე სწავლის, ასევე საზაფხულო სკოლებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღების მიზნით. საგანმანათლებლო პროგრამები/კურსები შეთავაზებულია ცენტრის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების მიერ.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები შეთავაზებული იქნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ჰუმანიტარული, იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, აგრეთვე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. უნგრელ სტუდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ ჩამოვიდნენ საქართველოში ინდივიდუალური კვლევითი პროექტებით.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოვლენს შესაბამისი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ სრულყოფილ განაცხადებს და თანდართულ დოკუმენტაციას ცენტრი აწვდის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

მეორე ეტაპი - საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გასაუბრებას კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით.

სტიპენდიატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით 800 ლარის ოდენობით.

ელ. განაცხადები მიიღება 2018 წლის 10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით (საქართველოს დროით 20:00; ცენტრალური ევროპის დროით 18:00)

http://iec.gov.ge/en/4327