თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ცენტრის კურსდამთავრებულებს შორის

18 მაის 2018
16 მაისს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, ცენტრის კურსდამთავრებულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი და ევროინტეგრაციისა და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია.

მაია ცქიტიშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს დეცენტრალიზაციის პროცესსა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამატებით იფუნქციების გადაცემის შესახებ უამბეს.

„ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რისი დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ისეთი პროექტები, რაც ტვირთი კი არ იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ - ახალი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილებზე შემოსავლების გენერირებას. ამ მიმართულებით ძალიან გამოგვადგება ის ცოდნა, რაც თქვენ საზღვარგარეთის ქვეყნებში სხვადასხვა სპეციალობით მიიღეთ“ - მიმართა მაია ცქიტიშვილმა ბენეფიციარებს.

საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა და კურსდამთავრებულებმა იდეები გაცვალეს. შეთანხმდნენ, რომ პირველი პროექტი, რაზეც ერთობლივად იმუშავებენ, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ტრენინგების ჩატარება და საზაფხულო ბანაკებში სწავლების კომპონენტის გააქტიურება იქნება.

კურსდამთავრებულები უახლოეს დროში ასოციაციის ჩამოყალიბებას გეგმავენ. ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია, კურსდამთავრებულებმა თავიანთიწვლილი შეიტანონ რეგიონებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და ქალაქგეგმარების, ასევე, თვითმმართველობებში ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შემუშავებაში.

განათლების საერთაშორისო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტებს და ახლადშექმნილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე თანხმობა განაცხადა.