განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-2019 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დასრულდა

28 მაის 2018
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-2019 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.

წელს კონკურსის ფარგლებში საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, განაცხადი კი 240-მა აპლიკანტმა შემოიტანა.
პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება ცენტრის ვებ.გვერდზე ერთი თვის მანზილზე, 25 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით შეეძლოთ.

სასტიპენდიო პროგრამების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების სრულ, ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. გასაუბრებები ივნისის ბოლოს დაიწყება, კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2018 წლის 25 ივლისამდე გასაჯაროვდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 24 ქვეყანაში 500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. 200-მდე ბენეფიციარმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. ცენტრის მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას აგრძელებენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.