კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

24 ივლ 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფი. წელს კონკურსანტთა უფლებებს დაიცავს ამერიკელი იურისტი - ტიმოთი ბარეტი, რომელსაც ა.შ.შ.-ში აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული საქმიანობისა და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ამჟამად კი არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. სამუშაო ჯგუფში ასევე შედიან ცენტრის კურსდამთავრებული სტიპენდიატები.

კონკურსანტთა უფლებების დამცველთან კონსულტაციები გაიმართება 25 და 26 ივლისს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი. ი.ჭავჭავაძის 7).

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებთან შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ელექტრონულად - სკაიპის მეშვეობით.

კონსუტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge