განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შედეგები ცნობილია

27 ივლ 2017

 

27 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრში  2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო  - სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, უნგრული და ფრანგული პროგრამების შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და საკონკურსო კომისიის წევრები:  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი,  ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი ტერი ბიურტე და უნგრეთის ელჩის მოადგილე სილვია პეტო ესწრებოდნენ.
წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეოთხე თაობა შეარჩია, ვისაც საშუალება მიეცემა როგორც სახელმწოფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემების ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვონ საზღვარგარეთ. 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი 200-ზე მეტ სტუდენტს მისცემს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას. 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით, 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის თანადაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 
2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში მონაწილეობის მიზნით.  
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.
დაფინანსებული პირები იღებენ ვალდებულებას:

 

  • სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინონ  აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;.
  • დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩნენ ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდნენ საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;
  • ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლონ საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან,  აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის, საჯარო უწყებების და პარტნიორი საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, ცენტრის კურსდამთავრებულები შედიოდნენ.
კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით.
წელს შერჩეული ბენეფიციარები მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში ისწავლიან: აშშ, უნგრეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესტონეთი, დანია, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, კანადა, ნორვეგია, შვეიცარია.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 500-მდე სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მოღვაწეობს შესაბიმის სფეროში.