კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა 2025

 

 

 

1. პროგრამის დასახელება

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა 2025 (შემდგომში -“მცირე საგრანტო პროგრამა”).

 

 

2. პროგრამის აღწერა

 

ა) კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამის შესახებ

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტი ამ პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ცენტრის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა ან/და სხვა თანადაფინანსებით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია.

 

ბ) პროგრამის მიზანი

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაზე.

მცირე საგრანტო პროგრამის სტრატეგიული ამოცანაა კურსდამთავრებულთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი სამომავლო პროფესიული განვითარება.

 

გ) სამიზნე ჯგუფი

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გეგმავენ პროექტის განხორციელებას.

პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც:

1. ორჯერ გაიმარჯვეს კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამაში და წარმატებით აქვთ განხორციელებული შესაბამისი პროექტები;

2. გაიმარჯვეს მცირე საგრანტო პროგრამაში და მიღებული გრანტის ფარგლებში წარმატებით ვერ მოახდინეს ერთი პროექტის განხორციელება მაინც; მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულების, ისე ცენტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციების მქონე პირების მონაწილეობა. ერთი და იგივე კურსდამთავრებული არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა საგრანტო პროექტის განხორციელებაში.

 

 

დ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია:

➢ განათლება;

➢ ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

➢ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები.

➢ გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

➢ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

➢ ჯანდაცვა;

➢ თავდაცვა, უსაფრთხოება;

➢ ჰუმანიტარული მეცნიერებები;

➢ სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

➢ საჯარო მმართველობა;

➢ სამართალი;

➢ მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი. 

 

თემის აქტუალობა შეფასდება როგორც გლობალური (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ან/და იუნესკოს ძირითადი მიმართულებების კონტექსტში), ისე ქვეყნის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე.

მცირე საგრანტო კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც:

• ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონების განვითარებაზე ან/და

• ექნება საერთაშორისო კომპონენტი (საზღვარგარეთიდან მკვლევარის პროექტში ჩართვა, სპიკერის ჩამოყვანა, უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან შესაბამისი საქმიანი სერვისების შეთავაზება და ა.შ);

• იქნება მდგრადი - ქტივობები გაგრძელდება პროექტის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, სხვა პარტნიორების ან დაინტერესებული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით;

 

 

ე) მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო ვადები

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო ვადაში. კერძოდ, 2024 წლის 09 ოქტომბრიდან 2024 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით.

მიღებული გაანცხადების შეფასება და განხილვა მოხდება 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადარიცხვა შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 17 დეკემბრისა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2025 წლის 1 იანვარი - 10 დეკემბერი.

 

 

3. მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება

 

მცირე საგრანტო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით.

 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსი გულისხმობს:

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მცირე საგრანტო პროგრამის დამტკიცებას და მის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

კონკურსის გამოცხადებას; საკონკურსო განაცხადების მიღებასა და გადარჩევას; საკონკურსო კომისიის შექმნას; საკონკურსო განაცხადების შეფასებას; გასაუბრებასა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენას;

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს:

• დაინტერესებული პირების კონსულტირებას;

• საკონკურსო განაცხადების ტექნიკურ გადარჩევას;

• საკონკურსო კომისიის მოწვევასა და კომისიის შეუფერხებელ მუშაობას;

• საპროექტო განაცხადის ავტორებთან გასაუბრების ორგანიზებას;

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: განაცხადის (პროგრამის დანართი N1 - განაცხადის ფორმა) შევსების პროცედურა და საკონკურსო შეფასების პროცესი

 

პირველი ეტაპი - საპროექტო განაცხადისა (პროგრამის დანართი N1 - განაცხადის ფორმა) და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმებისას არასრული განაცხადი არ განიხილება. ტექნიკური საკითხების გასასწორებლად, საპროექტო განაცხადის ავტორს ეძლევა 5 სამუშაო დღე, 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი არ გასწორდა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 

 

მეორე ეტაპი - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასება. განაცხადის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, პროექტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე. პირველ ეტაპზე პროექტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

 

მესამე ეტაპი - გასაუბრება - პროექტის წარდგენა. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა. 

 

პროექტის შეფასებისას საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით:

- პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა;

- პროექტის ეფექტიანობა და განხორციელების შესაძლებლობა*;

- ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯის ეფექტურობა;

- შედეგების მიღწევის გზები და მდგრადობა;

- პროექტის ორიენტირი საქართველოს რეგიონის განვითარებაზე ან/და საერთაშორისო ჩართულობა;

- თანადამფინანსებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;

 

*ეფექტიანობისა და განხორციელების შესაძლებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა დეტალურად გაწერილ სამოქმედო გეგმას, პროექტის მდგრადობას, ამოცანათა თანამიმდევრულობას, შესრულების ვადებს, მოვალეობების გადანაწილების ნუსხას. გეგმაში მნიშვნელოვანია ობიექტურად შემოწმებადი ინდიკატორების არსებობა, არსებობის შემთხვევაში პარტნიორი ორგანიზაციების როლი და ჩართულობა. 

 

 

საკონკურსო კომისია და საკონკურსო შეფასების პროცესი.

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო კომისია.

კომისიის წევრებს და კომისიის უფლებამოსილებებს ამტკიცებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კომისია შედგება არანაკლებ 7 წევრისგან.

კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია მხოლოდ მაშინ, როცა იგი წარმოდგენილია კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის მიერ (პრინციპით 50%+1).

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით მტკიცდება კომისიის შემადგენლობა. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ კომისიის წევრები.

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:

- ხელმძღვანელობს კომისიის სხდომას;

- უზრუნველყოფს კომისიის გამჭვირვალედ და შეუფერხებლად მუშაობას;

- უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მიწოდებული ინდივიდუალური შეფასებების გასაშუალებული მაჩვენბელის მომზადებას და კომიისთვის გაზიარებას შემდგომი მსჯელობისთვის.

 

კომისიის წევრი:

- მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებაში და საკონკურსო კომისიის სხდომაში;

- ვალდებულია აიცილოს საკონკურსო პროექტის შეფასება, თუკი სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი;

- კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, არსებობის შემთხვევაში, წერილობით დააფიქსიროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კომისიის სხდომამდე.

 

კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება:

- კომისია პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით, ქულების მინიჭების საფუძველზე;

- კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, კომისიის მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის მომზადებას რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირეტქორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული შეფასების ფურცლის მიხედვით გამოითვლება ქულები;

- კომისიის შეხვედრაზე ინიშნება კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მათ მიერ დაწერილ შეფასებებს უგზავნიან კომისიის თავმჯდომარეს;

- კომისიის მიერ ცენტრისთვის მოწოდებული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი აპლიკანტებს წერილობით აცნობებს კონკურსის შედეგებს საკონკურსო წესით დადგენილ ვადებში.

 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეფასება 100 ქულიანია. აქედან:

- განაცხადის შეფასებისას - მაქსიმუმ 60 ქულა;

- გასაუბრების შეფასებისას - მაქსიმუმ 40 ქულა;

 

საკონკურსო კომისია ადგენს წარმოდგენილი განაცხადის კონკურსის მიმართულებებთან შესაბამისობას, თუ რამდენადაა გათვალისწინებული პროექტების ძირითადი მიმართულებები და დამატებითი პრიორიტეტები, არის თუ არა გათვლილი რისკები, როგორია მოსალოდნელი შედეგები და ა.შ.

 

 

4. საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

- სრულად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი;

- ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შესახებ: ჩართული ადამიანების რეზიუმეები (ქართულ ენაზე), გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი პასუხისმგებლობები;

- თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში: ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ ან წერილი თანადამფინანსებლისგან (ამ პროგრამის დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად - დანართი N4);

- თანამშრომლობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია;

- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია დანართის სახით, რაც გაამყარებს წარმოდგენილ განაცხადს.

- მოწვეული ექსპერტის არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის სახელზე წარმოდგენილი წერილი ექსპერტის თანხმობისა და საქართველოში ვიზიტის სავარაუდო თარიღის მითითებით.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საკონკურსო დოკუმენტები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ფოსტაზე: iec-alumni@gov.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 ნოემბრისა.

 

• ელექტრონულად წარმოსადგენი დოკუმენტების (PDF ფორმატში) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20MB-ს.

• წერილის სათაურის ველში უნდა მიეთითოს: „მცირე საგრანტო პროგრამა-2025“ 

 

*ინფორმაცია და განაცხადის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე. 

 

 

5. დაფინანსება და ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი.

 

მცირე საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს. კონკურსის ფარგლებში პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს 50,000 ლარი - თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საფეხურის ბიუჯეტი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და შედგენილი ეროვნულ ვალუტაში.

*თანადაფინანსება, პროგრამის ფარგლებში, ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული თანხითა და მისი რეალური ხარჯვით. თანადაფინანსებად არ ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანხმობის წერილის წარმოდგენა.

თანადაფინანსების კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარმოდგენილ იქნას ოფიციალური წერილი, შესაბამისი თანხისა და მისი გამოყენების მიზნობრიობის დაზუსტებით. აღნიშნული წერილის ფორმა ხელმისაწვდომია მცირე საგრანტო პროგრამის დანართის სახით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის სახით გამოყოფილ თანხას სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ურიცხავს დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელს (ფიზიკურ პირს) ამ პროექტისთვის შექმნილ საბანკო ანგარიშზე.

პროექტის მსვლელობისას, საერთო ბიუჯეტის პუნქტების 10%-მდე ოდენობის გადატანა/გადაადგილება შესაძლებელია პროექტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 10%- ის ზევით ბიუჯეტის პუნქტებს შორის ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს საკონკურსო პროგრამის კომისიასთან.

პროექტის დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის ფინანსური და პროგრამული ანგარიში შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული

 

 

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი და ანგარიშგება (ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმით).

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულნი არიან, პროექტის დასრულების შემდგომ საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N2 და N3) წარუდგინონ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა. პროექტის ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირია პროექტის ხელმძღვანელი. 

პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის ხელმძღვანელს.

 

პროგრამის შესრულების ინდიკატორია:

- დაფინანსებული პროექტის დასრულების შემდგომ პროექტის ადრესატებისა და მოსარგებლე პირების რაოდენობა ამ პროგრამით განსაზღვრული სფეროების შესაბამისად;

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ინტეგრირება სხვადასხვა პროფესიულ სივრცეში;

- კურსდამთავრებულთა პორტფოლიო პროექტების შექმნა;

- კურსდამთავრებულთა პროფესიული შესაძლებლობებისა და ადამიანური რესურსების საჯაროდ და პროფესიულ წრეებში პოპულარიზაცია.

 

 

7. მონიტორინგი

 

საკონკურსო კომისიის შედეგების საფუძველზე სსიპ - განათლების საერთშორისო ცენტრი გამარჯვებული პროექტების ავტორებთან აფორმებს გრანტის შესახებ ხელშეკრულებას, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს და იბარებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს. შუალედური ანგარიშები (ფინანსური და პროგრამული) ცენტრს წარედგინება პროექტის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირისა.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი. გრანტის გამცემის მხრიდან ამ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღებისგან და სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე. 

 

 

8. სახელშეკრულებო ურთიერთობები, მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

გრანტის გამცემს უფლება აქვს:

• მოსთხოვოს გრანტის მიმღებს მცირე საგრანტო პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი, დროული და სრული შესრულება;

• ნებისმიერ დროს, კანონმდებლობის ფარგლებში მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს გადარიცხული საგრანტო თანხების მიზნობრივი ხარჯვის და გრანტის მიმღების მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა;

• გრანტის მიმღების მიერ მოქმედი კანონმდებლობით და პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის სრულად ან ბიუჯეტით შეუსრულებელი პუნქტების შესაბამისი თანხის უკან დაბრუნება;

 

გრანტის მიმღებს უფლება აქვს:

• გრანტის გამცემს დადგენილი წესით მოსთხოვოს საგრანტო თანხის გაცემა;

• მოსთხოვოს გრანტის გამცემს მოქმედი კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

გრანტის მიმღები ვალდებულია:

• ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

• ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;

• ცენტრის დადგენილ ვადაში მოთხოვნილი ფორმით წარადგინოს პროექტის შესრულების ანგარიში, მათ შორის, სამუშაო მასალები, საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტები;

• არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა სრულყოფილად წარმოადგინოს პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N2 და N3) მიღებული თანხის ხარჯვის თაობაზე, ხარჯების გაწევის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად;

 

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს გრანტის მიმღების ფინანსურ პასუხისმგებლობას.

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია ცენტრს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება - მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოყოფილი გრანტის სრულად ან/და ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხა.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას მცირე საგრანტო პროგრამის მიმდინარეობის ეტაპების შესახებ;;

 

დამატებით იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

შეფასების კრიტერიუმები

 

ხშირად დასმული კითხვები

 

ბრძანება

ბრძანების დანართი

 

  •  
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345