პროგრამის აღწერა
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2025-2026“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) საპარტნიორო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საფრანგეთის საელჩოსთან არსებულ „ფრანგულ ინსტიტუტს“ შორის 2023 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „კამპუს ფრანსს“ შორის 2023 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული დავალების ხელშეკრულება. საპარტნიორო პროგრამის მიზანია საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის გზით საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების/ცოდნის მქონე კადრების მომზადება და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ასევე, საქართველოს და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
საპარტნიორო პროგრამის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეობის, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამისთვის განსაზღვრულ პირობებს, შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა გააგრძელონ საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
პროგრამის განხორციელება
3.1 პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციებია:
➢ საქართველოს მხრიდან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების საერთაშორისო ცენტრი;
➢ საფრანგეთის მხრიდან - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოპერატორი სააგენტო „კამპუს ფრანსი“; საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული „ფრანგული ინსტიტუტი“.
3.2. პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები
საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურებს კონკურსანტი აწარმოებს დამოუკიდებლად. საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლა- სწავლების სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლა-სწავლების არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.
საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაცხადის გასაკეთებლად, კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონული პლატფორმაზე, „Etudes en France“, არაუგვიანეს 2025 წლის 31 იანვრისა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
საქართველოსა და საფრანგეთის მხარეთა შეთანხმებით, საპარტნიორო პროგრამის, „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“-ის ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები/ დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
• სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია;
• ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
• ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
• ჯანდაცვის მენეჯმენტი;
ასევე, განაცხადები შეიძლება განხილული იყოს შემდეგ მიმართულებებზე/ დარგთაშორის მიმართულებებზე/სპეციალობებზე:
• განათლება;
• სოციალური მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• საჯარო მმართველობა;
• სამართალი;
• მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი.
3.3. განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge.
➢სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით, ცენტრმა საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად და, საპარტნიორო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე.
➢ განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
➢ ცენტრი, კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართს;
➢ ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
3.4. საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:
➢ მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი, ან
➢ სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან
➢ სწავლობს საფრანგეთში:
- სამაგისტრო პროგრამა Master 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში Master 2-ზე სწავლის დაფინანსებას, ან
- ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და ითხოვს მომდევნო აკადემიური წლისთვის სწავლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში;
➢ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით - მინიმუმ 13 ქულა; GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში - მინიმუმ 3.0; ხოლო 100 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში - 81-90 ქულა; ან მინიმუმ B (ძალიან კარგი); ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
➢ კონკურსანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
➢ CV/რეზიუმე, შედგენილი ორ ენაზე (ქართულ-ინგლისური ან ქართულ-ფრანგული), PDF ფორმატით;
➢ სამოტივაციო წერილი ორ ენაზე (ქართულ-ინგლისური ან ქართულ-ფრანგული) - ივსება ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში;
➢ ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი. დიპლომის დროებით არქონის შემთხვევაში, ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
➢ დიპლომის დანართი/ ნიშნების ფურცელი;
➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.
➢ ასევე, სავალდებულოა კონკურსანტის განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში შეივსოს შესაბამისი ველი.
❖ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში - ნებაყოფლობით
საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა Master 2-ზე/ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამის მეორე კურსზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
➢ Master 1-ის დიპლომი/სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა;
➢ ნიშნების ფურცელი/პირველი აკადემიური წლის ან სემესტრის ნიშნების ფურცელი;
➢ საკონკურსო ვადაში აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას - შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, კონკურსანტის განაცხადი შეფასებული იქნება უკვე მოპოვებული აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის საფუძველზე.
კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს დამატებით წარმოადგინოს:
➢ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
➢ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
➢ ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, სიგელები/სერტიფიკატები;
გაითვალისწინეთ: ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე: ქართულად და ფრანგულად/ინგლისურად
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
- ქართულ ან სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ/ფრანგულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად
3.5. საკონკურსო ვადები
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სისტემაში: 2024 წლის 17 დეკემბრიდან - 2025 წლის 31 იანვრის 23:59 საათამდე (ადგილობრივი/თბილისის დროით).
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, განაცხადების მიღების პერიოდში, კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, 14:00 სთ-ზე.
3.6. განაცხადის შეფასების პროცესი
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შეფასებას. საკონკურსო კომისიას ცენტრის მიერ განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
კონკურსის ჩატარებასთან, გამარჯვებულის გამოვლენასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საპარტნიორო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის მხარის წარმომადგენლებისგან. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა განაცხადები განიხილება ორეტაპიანი კონკურსის ფარგლებში:
I ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
II ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, კონკურსანტს ენიჭება ბონუს ქულა (მაქსიმუმ - 5 ქულა) სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, (თითო სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ შედეგთან ერთად.
კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად; შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება.
გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი ხდება სასწავლო გრანტის მფლობელი საფრანგეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით დადგენილი პირობებით ჩარიცხვის, ცენტრისთვის უპირობო ჩარიცხვის წერილის წარმოდგენისა და გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
საკონკურსო კომისია, აგრეთვე, განსაზღვრავს კონკურსანტთა სარეზერვო სიას.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულის მიერ გრანტის ათვისებაზე უარის თქმის ან ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამისი საფუძვლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გრანტი შეეთავაზება სარეზერვო სიაში მყოფ, უმაღლესი ქულის მფლობელ კონკურსანტს, რომელიც ვალდებული იქნება ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტები.
რეზერვის სტატუსის ცვლილების საფუძველია, ასევე, გასულ წელს ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირის მიერ დაფინანსების გაგრძელების საკითხის განხილვისას - შესაბამისი აკადემიური მოსწრების ან განაცხადის წარმოუდგენლობა.
რეზერვის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, კონკურსანტის მხრიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა განიხილება, როგორც უარი სასწავლო გრანტის მიღებაზე და შესაბამისად, კონკურსანტი დაკარგავს გრანტის ათვისების უფლებას.
დაფინანსების წესი და დამატებითი შეღავათები
2025-2026 სასწავლო წელს, საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით გაიცემა არაუმეტეს 17 სასწავლო გრანტი, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა, ასევე გასული წლის კონკურსის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანებულ პირთათვის 2025-2026 აკადემიური წლის დაფინანსებას.
კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეებს ენიჭებათ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მფლობელის, ასევე, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტის სტატუსი. ისინი ისარგებლებენ საფრანგეთში, სტუდენტური სტატუსით განპირობებული სხვადასხვა შეღავათით. თანადაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის, არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში, (დაფინანსებით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება 2025 წლის 1 სექტემბრიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა, სტუდენტის საფრანგეთში მიზნობრივად დაყოვნების ხანგრძლივობის პროპორციულად).
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან სტუდენტის დაფინანსება მოიცავს:
- 560 (ხუთას სამოცი) ევროს - ყოველთვიური სასწავლო გრანტს, რომელიც ერიცხება სტუდენტს;
- სწავლასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც ცენტრის მიერ თითოეული სტუდენტისათვის ერიცხება „კამპუს ფრანსს“.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხრიდან სტუდენტის დაფინანსება მოიცავს:
- 300 (სამასი) ევროს - ყოველთვიური სტიპენდიას, რომელიც ერიცხება სტუდენტს.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, STEM-ის მიმართულებით გამარჯვებულ, 2 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტს, აუნაზღაურდება სწავლის საფასური, არაუმეტეს 5000 ევროს ოდენობით (STEM-ის მიმართულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე).
გრანტის მფლობელები, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:
- თავისუფლდებიან სავიზო მოსაკრებლისგან;
- იღებენ მხარდაჭერას ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებში;
- უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯი, მხოლოდ მე-2 კლასის მატარებლით, საერთაშორისო აეროპორტიდან სასწავლო ქალაქამდე;
- საფრანგეთში ჩასვლისას, ერთვებიან დაზღვევის სქემაში, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში გაწევრიანებამდე;
- იღებენ ჯანმრთელობის დამატებით დაზღვევას;
- თავისუფლდებიან სტუდენტური სერვისებისა და კამპუსის გადასახადისგან (CVEC);
- თავისუფლდებიან საინჟინრო მოსამზადებელ პროგრამებზე რეგისტრაციის (და არა სწავლის) საფასურისგან;
- ეძლევათ დაბინავების შესაძლებლობა შეღავათიან ფასად - განსაკუთრებით კი, წვდომა CROUS საუნივერსიტეტო რეზიდენციებზე;
- სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფებით „კამპუს ფრანსის“ მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებზე.
გრანტის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საფრანგეთში სტუდენტის სტატუსით განპირობებული სხვა შეღავათებით:
- «VISALE » - ის ბინის ქირავნობის დეპოზიტი;
- ბინის ქირაში დახმარება საოჯახო შემწეობის ფონდიდან;
- საფრანგეთის სოციალური დაზღვევის საერთო სქემაში უფასოდ ჩართვა;
- ფასდაკლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე და წვდომა კულტურულ ღონისძიებებზე.
შენიშვნა: დაფინანსების შეწყვეტის საფუძველია
➢ დაფინანსებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული პროგრამისგან/უნივერსიტეტისგან განსხვავებულ პროგრამაზე/უნივერსიტეტში მობილობა და სწავლა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ;
➢ საფრანგეთის ფარგლებს გარეთ, სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრული სტაჟირების დროს, სტუდენტის მიერ მისთვის სავალდებულო (ან აუცილებელი) სტაჟირების ვადაზე მეტხანს დაყოვნება (სტაჟირების ვადა დგინდება საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით);
➢ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის თანადაფინანსებული პროგრამის პარალელურად, სხვა ევროპული (Erasmus +, Erasmus Mundus და ა.შ) თუ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა.
4.1. დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, უფლებამოსილი საკონკურსო კომისია მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების საკითხს განიხილავს, თუ კანდიდატი:
- გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით - საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა, GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში - მინიმუმ 3.0, ხოლო 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში - 81-90 ქულა; ან მინიმუმ (B) - ძალიან კარგი; ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
- სწავლას აგრძელებს იმავე ფაკულტეტსა და სასწავლებელში, სადაც დახურა მაგისტრატურის პირველი წელი/M1;
- წარმოადგენს მაგისტრატურის მეორე წელზე /M2 მიღების ან სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობას.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
მოცემული საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. კონკურსში მონაწილე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს და საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების წარმოდგენის შემდგომ, პროგრამით განსაზღვრული აკადემიური მიღწევების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია პროგრამასთან.
5.1. მხარეთა ვალდებულებები:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ვალდებულია:
- კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
გრანტის მიმღები პირი ვალდებულია:
- სწავლის დასრულების შემდგომ, წარმოადგინოს მაგისტრის (M2) ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ოფიციალური თარგმანით ქართულ ენაზე.
- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში, არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
- ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- წერილობით აცნობოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს 2 კვირაზე მეტი დროით სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის შემთხვევის შესახებ.
*შენიშვნა - სამაგისტრო პროგრამის M1-ის საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტი, ვალდებულია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამის M2 საფეხურზე, რის შემდგომაც წარმოადგენს მაგისტრის (M2) აკადემიური ხარისხის მინიჭების დიპლომს/დამადასტურებელ დოკუმენტს
5.2. ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადება:
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსებულმა პირმა, შესაძლოა ისარგებლოს ვალდებულების გადავადების უფლებით, საზღვარგარეთ არაუმეტეს ერთი წლის ვადით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით.
აღნიშნულის მიზნით, გრანტის მფლობელმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, ოფიციალური დოკუმენტი დასაქმების შესახებ და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით ვალდებულების გადავადების უფლების მინიჭების მოთხოვნის შესაძლებლობას.
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, იმავე აკადემიური მიმართულებით. აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, იღებს საკონკურსო კომისია. ამისათვის, გრანტის მფლობელმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. მას ასევე აქვს უფლება, ცენტრის სხვა პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.
*შენიშვნა: დაფინანსებულ პირს არ აქვს უფლება, ამავე ან ცენტრის სხვა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განმეორებით მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
5.3 ვალდებულებების შეუსრულებლობა:
გრანტის მფლობელის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, სრულად დააბრუნოს: გრანტის სახით მიღებული თანხა (დარიცხული პირად ანგარიშზე); სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში); ასევე, სწავლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც ირიცხება „კამპუს ფრანსის“ ანგარიშზე. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
ანგარიშსწორების წესი
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „კამპუს ფრანს“ შორის ყოველწლიური ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების სასწავლო გრანტით უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს „კამპუს ფრანსში“ თითოეული სტუდენტისთვის სასწავლო გრანტის სრული ოდენობისა და სწავლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების გადარიცხვას. სტუდენტისთვის ყოველთვიური საგრანტო თანხების ადმინისტრირებას ახორციელებს „კამპუს ფრანსი“.
ცენტრის მიერ STEM-ის მიმართულების სტუდენტებისთვის მინიჭებული სასწავლო გრანტის გაცემა/შესაბამის უნივერსიტეტში გადარიცხვა ხორციელდება სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტზე გამოყოფილი საგრანტო თანხა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი წლისთვის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 32 04 04)
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი
ბრძანება