საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019 2018 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით)

სასტიპენდიო პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა - საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019 (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის  (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას.

სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. 

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. 

 

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ:

 ა)  კონკურსანტს მოპოვებული აქვს ინსტიტუციური თანადაფინანსება; 

 ბ)  პირველად გეგმავს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ;

 გ) აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში სამუშაო გამოცდილება და გეგმავს აკადემიურ მოღვაწეობას ან მუშაობას საუნივერსიტეტო სივრცეში/საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების მიზნით.

 

 

მიზნები და ამოცანები

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და  მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში  აკადემიური მოღვაწეობის ან/და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების მიზნით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

დაინტერესებულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.  კერძოდ, პირი, რომელიც:

1.ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

2.სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

 

 

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

 

(დასაწყისი)

2018-2019  სასწავლო წლისთვის  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა; 

◦მენეჯმენტი. 

 

 

პროგრამის შედეგი

 

(დასაწყისი)

პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.  აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში საქართველოში დაბრუნება, ქვეყანაში სამი წლით დარჩენა და დასაქმება შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

პროგრამის შედეგს წარმოადგენს ასევე, ცენტრის შეთავაზებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

 

საკონკურსო ვადა

 

(დასაწყისი)

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2018 წლის  25 აპრილიდან  2018 წლის  25  მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით).

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2018 წლის 25  ივლისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით. 

 

ა)  კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობს:

◦სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცებასა და კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით; 

◦ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირებასა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

◦საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში http://app.iec.gov.ge/;

◦საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით  გამარჯვებულის გამოვლენას;

◦გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას;

◦ცენტრის მიერ დაფინანსებულ პირთა მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს  საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას  ამტკიცებს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა.  აქედან:

◦ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦ბონუს ქულა მაქსიმუმ  4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს),  ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა. 

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით.

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:

1.არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2.ასაკი არ აღემატება 35 წელს;

3.ჩაბარებული აქვს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული პროგრამული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე,  გააჩნია უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური და ადმინისტრაციული პირობისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

4.მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

5.ან სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

6.აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირება, პრაქტიკის გავლა, კვლევითი საქმიანობა). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2.CV/რეზიუმე;

3.სამოტივაციო წერილი;

4.უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა);

5.ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

6.უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; 

7.დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები; 

8.ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ  რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);

9.დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

10. საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

11. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/ები (ცნობა სამსახურის შესახებ ვადების მითითებით);

12. ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

13. სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

 

(დასაწყისი)

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის  ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის  საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. 

უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა,  გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

◦საზღვარგარეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსებული პირი უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;

◦ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლოს საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან  აკადემიური მოღვაწეობის ან საუნივერსიტეტო სივრცეში/საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისთვის მუშაობის მიზნით.

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა განაგრძოს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე. აღნიშნული მიზნით, აგრეთვე აქვს უფლება ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.  აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიზნით. 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით. 

 

 

დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

◦სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი. 

◦სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში http://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის რეკომენდაცია) 25 მაისის 19:00 სთ-ის ჩათვლით უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის  რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი ელ. განაცხადის მეშვეობით.  

ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს  ელ, განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს.

 

ცენტრის ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი

ბრძანება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019-ის დამტკიცების შესახებ

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345