საგრანტო პროგრამა კურსდამთავრებულთათვის - 2025 (მიმდინარე)

 

 

პროგრამის აღწერა

ცენტრის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ განახორციელონ პროექტები შრომით ბაზარზე მათი ინტეგრირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის. წარმოდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს საზღვარგარეთ მიღებული განათლების მიმართულებასა და კვალიფიკაციას.

 

პროგრამის ამოცანაა კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა მათი სამომავლო პროფესიული განვითარების მიზნით.

 

 

სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში, ასრულებენ სახელშეკრულებო პირობებს და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გეგმავენ პროექტის განხორციელებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პროექტში ცენტრის მინიმუმ ერთი კურსდამთავრებულის ჩართვა. ასევე, შესაძლებელია პროექტში ჩართონ შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვა პირები. კურსდამთავრებული უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ პროექტში.

 

 

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები შეესაბამება 2025-2026 სასწავლო წლის საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებს, კერძოდ :

 

  • ➢ განათლება;
  • ➢ ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  • ➢ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
  • ➢ გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
  • ➢ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • ➢ ჯანდაცვა;
  • ➢ თავდაცვა, უსაფრთხოება;
  • ➢ ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • ➢ სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
  • ➢ ხელოვნება;
  • ➢ კონსერვაცია/რესტავრაცია;
  • ➢ კულტურული მემკვიდრეობა;
  • ➢ და სხვა.

 

*ჩამონათვალში პრიორიტეტული მიმართულებების თანმიმდევრობა არ განსაზღვრავს თემის აქტუალობას. აღნიშნული შეფასდება კომისიის მიერ.

 

კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც:

 

  • ➢ ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონების განვითარებაზე ან/და
  • ➢ მოიცავს საერთაშორისო კომპონენტს - როგორიცაა კურსდამთავრებულის მასპინძელი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის (მკვლევარი, სპიკერი და სხვ.) ჩართვა პროექტში, უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, შესაბამისი სერვისების მიღება და სხვა.
  • ➢ გამოირჩევა მდგრადობით, რაც გულისხმობს პროექტის დასრულების შემდეგ აქტივობების გაგრძელებას სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

 

 

პროგრამის საკონკურსო ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტები და ეტაპები

 

განაცხადები მიიღება 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საკონკურსო დოკუმენტები (PDF ფორატი) მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე (iec-alumni@gov.ge) 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

მიღებული განაცხადების განხილვა და შეფასება მოხდება 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 30 ოქტომბრამდე. პროექტის განხორციელების პერიოდია 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე.

 

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, კერძოდ:

 

1. 2025 წლის 28 ივლისი - 15:00 სთ-დან 16:00-მდე;

2. 2025 წლის 5 აგვისტო - 15:00 სთ-დან 16:00-მდე;

3. 2025 წლის 25 აგვისტო - 15:00 სთ-დან 16:00-მდე;

4. 2025 წლის 11 სექტემბერი - 15:00 სთ-დან 16:00-მდე.

 

 

 

საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • ➢ სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი და ბიუჯეტის ფორმა (ამ პროგრამის დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად - დანართი N1 განაცხადის ფორმა და დანართი N2 - ბიუჯეტი) ;
  • ➢ ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შესახებ: ჩართული ადამიანების რეზიუმეები (ქართულ ენაზე), გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი პასუხისმგებლობები;
  • ➢ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში: წერილი თანადამფინანსებლისგან (ამ პროგრამის დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად - დანართი N3 თანადაფინანსების ფორმა);
  • ➢ თანამშრომლობის (საერთაშორისო და ადგილობრივი) არსებობის შემთხვევაში, წერილი თანამშრომლობის შესახებ (ამ პროგრამის დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად - დანართი N4 თანამშრომლობის ფორმა (ექსპერტი), დანართი N5 თანამშრომლობის ფორმა (მატერიალურ-ტექნიკური).
  • ➢ ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია დანართის სახით, რაც გაამყარებს წარმოდგენილ განაცხადს.

 

*ინფორმაცია და განაცხადის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

ელექტრონული ფოსტის მოცულობიდან გამომდინარე,  რეკომენდირებულია, განაცხადისა და თანდართული ფაილების (PDF ფორმატში) ზომა ჯამურად არ აჭარბებდეს 20 მგბ-ს.  წერილის სათაურის ველში უნდა მიეთითოს: „საგრანტო პროგრამა კურსდამთავრებულთათვის - 2025“.

 

გადმოგზავნილი განაცხადების შეფასება მოიცავს სამ ეტაპს:

  1. ტექნიკური შემოწმება
  2. ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება
  3. გასაუბრება (პროექტის პრეზენტაცია) და საბოლოო შეფასება.

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბრძანებით.

 

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების მაქსიმალური ოდენობაა 100 ქულა. აქედან:

 

  • ➢ ელექტრონული განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 60 ქულა;
  • ➢ გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 ქულა.

 

I ეტაპი - ცენტრის მიერ საპროექტო განაცხადის (პროგრამის დანართი N1 - განაცხადის ფორმა და პროგრამის დანართი N2 - ბიუჯეტი) და თანდართული დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმება.

 

ტექნიკური ხარვეზის გასასწორებლად, საპროექტო განაცხადის ავტორს ეძლევა 5 სამუშაო დღე, 2025 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.  თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი არ გასწორდა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

 

*ტექნიკურია ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და გასასწორებლად საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარმოდგენას.

 

II ეტაპი - კომისიის მიერ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასება. განაცხადის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, პროექტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

 

III ეტაპი - გასაუბრება - კომისიის წინაშე განმცხადებლის მიერ პროექტის წარდგენა.

 

*ეფექტიანობისა და განხორციელების შესაძლებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა დეტალურად  გაწერილ სამოქმედო გეგმას, პროექტის მდგრადობას, ამოცანათა თანამიმდევრულობას, შესრულების ვადებს, მოვალეობების გადანაწილების ნუსხას. გეგმაში მნიშვნელოვანია ობიექტურად შემოწმებადი ინდიკატორების არსებობა, არსებობის შემთხვევაში პარტნიორი ორგანიზაციების როლი და ჩართულობა.

 

დაფინანსება და ანგარიშსწორების წესი

პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს  300 000 (სამასი ათასი) ლარს. პროექტის მოთხოვნილი ბიუჯეტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საფეხურის ბიუჯეტი უნდა იყოს გაწერილი და  შედგენილი ეროვნულ ვალუტაში.

 

*თანადაფინანსება, პროგრამის ფარგლებში,  ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული თანხითა და მისი რეალური ხარჯვით. თანადაფინანსებად არ ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანამშრომლობის ფორმის წარმოდგენა.

 

თანადაფინანსების კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარმოდგენილ იქნას ოფიციალური წერილი, შესაბამისი თანხისა და მისი გამოყენების მიზნობრიობის დაზუსტებით. აღნიშნული წერილის ფორმა ხელმისაწვდომია პროგრამის დანართის სახით (დანართი N3 - თანადაფინანსების ფორმა).

 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელს (ფიზიკურ პირს). გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს გრანტის მისაღებად შექმნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში და ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომ ანგარიშზე არ დაირიცხება სარგებელი.

 

პროექტის მსვლელობისას, საერთო ბიუჯეტის მუხლების 10%-მდე ოდენობის გადატანა/გადაადგილება შესაძლებელია პროექტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 10%-ის ზევით ბიუჯეტის მუხლებს შორის ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს პროგრამის საკონკურსო კომისიასთან.

 

პროექტის მიმდინარეობისას, ვადების ცვლილების საჭიროებისა და სხვა საკითხებზე გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ.

 

 

 

პროგრამის  შესრულების ინდიკატორი და ანგარიშგება (ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმით)

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, პროექტის დასრულების შემდგომ საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N6 და N7) წარუდგინონ ცენტრს პროექტის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული აქტივობების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა. პროექტის ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირია პროექტის ხელმძღვანელი.

 

პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის ხელმძღვანელს.

 

პროგრამის შესრულების ინდიკატორია:

 

  • ➢ დაფინანსებული პროექტის დასრულების შემდგომ პროექტის ადრესატებისა და მოსარგებლე პირების რაოდენობა ამ პროგრამით განსაზღვრული სფეროების შესაბამისად;
  • ➢ ცენტრის კურსდამთავრებულთა ინტეგრირება სხვადასხვა პროფესიულ სივრცეში;
  • ➢ კურსდამთავრებულთა პორტფოლიო პროექტების შექმნა;
  • ➢ კურსდამთავრებულთა პროფესიული შესაძლებლობებისა და ადამიანური რესურსების  საჯაროდ და პროფესიულ წრეებში პოპულარიზაცია.

 

 

 

მონიტორინგი

საკონკურსო კომისიის შედეგების საფუძველზე ცენტრი გამარჯვებული პროექტების ავტორებთან აფორმებს გრანტის შესახებ ხელშეკრულებას, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს (გრანტის მიმღებისგან და სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე) და იბარებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს. შუალედური ანგარიშები (ფინანსური და პროგრამული) ცენტრს წარედგინება პროექტის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა. ხოლო, საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ცენტრს წარედგინება პროექტის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული აქტივობების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.

 

პროექტი დასრულებულად ჩაითვლება საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშების ცენტრის მიერ დადასტურების შემდგომ.

 

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები, მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

 

გრანტის გამცემს უფლება აქვს:

  • ➢ მოსთხოვოს გრანტის მიმღებს პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი, დროული და სრული შესრულება;
  • ➢ ნებისმიერ დროს, კანონმდებლობის ფარგლებში, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით (მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით), მოახდინოს გადარიცხული საგრანტო თანხების მიზნობრივი ხარჯვის და გრანტის მიმღების მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • ➢ გრანტის მიმღების მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის სრულად დაბრუნება.
  • ➢ ბიუჯეტით შეუსრულებელი პუნქტების შემთხვევაში, ცენტრს დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

 

გრანტის მიმღებს უფლება აქვს:

  • ➢ გრანტის გამცემს დადგენილი წესით მოსთხოვოს საგრანტო თანხის გაცემა;
  • ➢ მოსთხოვოს გრანტის გამცემს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

გრანტის მიმღები ვალდებულია:

 

  • ➢ ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
  • ➢ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;
  • ➢ ცენტრის დადგენილ ვადაში, მოთხოვნილი ფორმით, წარადგინოს პროექტის შესრულების ანგარიში, მათ შორის, სამუშაო მასალები, საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტები;
  • ➢ პროექტის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული აქტივობების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა სრულყოფილად წარმოადგინოს საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N6 და N7) მიღებული თანხის ხარჯვის თაობაზე, ხარჯების გაწევის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად;

 

გრანტის მიმღების ფინანსური პასუხისმგებლობა

 

ამ პროგრამის და მის ფარგლებში გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა იწვევს გრანტის მიმღების ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოყოფილი გრანტის სრულად ან/და ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

სხვა უფლება - მოვალეობები დარეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დამატებით იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაცია პროგრამის დანართების სახით: 

N1 - განაცხადის ფორმა

N2 - განაცხადის ბიუჯეტი

N3 - თანადაფინანსების ფორმა

N4 - ექსპერტთან თანამშრომლობის ფორმა

N5 - თანამშრომლობის ფორმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ  

N6 - პროგრამული ანგარიშის ფორმა

N7 - ფინანსური ანგარიშის ფორმა

 

 

 

 

 

ბრძანება

ბრძანების დანართი

 

  •  
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910